აპრილი 25, 2018

ზუგდიდის ბაზარში, სუნელებისა და სანელებლების განყოფილებაში დაახლოებით 20 ქალი მუშაობს და არცერთს არ აქვს ინდმეწარმის სტატუსი. პროდუქტის ნაწილი მათ დახლებზე ღიად, მცირე ზომის ტომრებით დევს, ნაწილი კი ერთჯერადი მოხმარების ჭიქებში, შუშის ქილებში და პოლიეთილენის პარკებშია შეფუთული. მოვაჭრეები დარწმუნებული არიან, რომ მათი სუნელები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ყველა საჭირო ნორმას აკმაყოფილებს.

მათივე თქმით, წლებია საკუთარ სახლში ამზადებენ სანელებლებს და თავად ყიდიან. შეზღუდვების შესახებ არავის გაუფრთხილებია და რეგულაციების დაწესების შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ, ეს ბიზნესი კი მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

სუნელებით მოვაჭრეები მიიჩნევენ, რომ ეს მიზანმიმართული კამპანიაა, რომელიც კერძო პირების ბიზნესის დაზარალებას ითვალისწინებს, უფრო მსხვილი კომპანიების სასარგებლოდ.

ცნობისათვის, საქართველო მთავრობის დადგენილებით, იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია. გადაწყვეტოლებას აპროტესტებენ ზუგდიდის ბაზარში სუნელებით მოვაჭრეები.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა გამოავლინა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში, (88%) იმ ფიზიკური პირების, ასევ კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ სახელმწიფო არ აკონტროლებდა.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *