მაისი 24, 2018

მოიფაზაფხულა. ,,იებსა და ენძელებს ასფალტები დაეხეთქათ. ნეტა რამდენი იტირა დედაჩემმა, რომ მის ჩაწვეთებულ ცრემლზე ამდენი ია და ენძელა ამოვიდა ?! ბევრი ?!, “არადა, ვიფიქრე, სანამ თბილ ქვეყნებში გადახვეწილი ჩიტები უკან დაბრუნდებიან,სანამ დათბება – მანამ სათქმელს ვორდის ფაილებში შევინახავ, თან გზადაგზა, წინდაწინ კიდევ ახალ ისტორიებს შევკრავ, რომ ფსკერზე დალექილ ყველა ემოციას სიტყვებად, ერთიანად ამოვთქვამთქო.

თუმცა, სანამ ვფიქრობდი, მანამ ლამის თებერვალმა განვლო, ჩიტებიც უკვე გზაში არიან და ამბებიც მზადაა, რომლებსაც შინ დაბრუნებულებს დეტალურად მოვუყვები, თან შეფარვით ვბედავ ფურცლის გვერდზე ნაფიქრის განსჯას…ირგვლივ სიყვარულობანას თამაშობენ.არადა, სათნოების, თანაგრძნობის, ერთგულებისა და ადამიანური სიკეთის ერთობლიობის სინთეზია სიყვარული, ვიდრე სოციალურ ქსელში ორი ან სამი ,,სმაილით” გამოხატული დამოკიდებულება.უფრო ქიმიურად კი მასის მქონე სხეულების ერთად ყოფნის სურვილი. რასაც გრავიტაციას ეძახიან.

საყოფაცხოვრებო. ყოველდღიურ ენაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში გრავიტაციის გამოვლინება კი ისაა, რომ სხეულებს გააჩნიათ წონა და ისინი საყრდენის ან საკიდის არარსებობის შემთხვევაში დედამიწაზე ეცემიან. აი, მაგალითად ძალიან იშვიათად ადამიანები ახერხებენ შთაბეჭდილების, გავლენის მოხდენას, რაც მერე სულ გახსოვს და რამხელაც უნდა იყო, არ დაგავიწყდება, დროც ცხოვრების თაროებზე შემოლაგებულ ისტორიებს ვერაფერს დააკლებს და პიგმენტური ლაქებივით ჩარჩენილ წარსულს ვერ ჩაანაცვლებ აწმყოთი. გავლენის ქვეშ ხარ. ისევ ის გიზიდავს, რაც დედამიწის, მზის, და სამყაროში არსებული მაკროსკოპული სხეულების უმეტესობის წარმოქმნის მიზეზია.გიყვარს. შენად თვლი.

ყველაფერს დათმობ, საკუთარ თავს მასთან ყოფნის ხიბლით უღალატებ, ფიქრობ, რომ ეს ისაა, ვისაც ელოდი, ვინც გწამდა, ვისაც ოცნებებში აღწერდი… ფუნდამენტური ურთიერთობა გგონია, რის გამო პლანეტები მზის გარშემო წრიულ ორბიტებზე ბრუნავენ.მერე- იმედგაცრუება, ტკივილი მარჯვენა არეში, უძილო ღამეები -ზემოთაღნიშნული საყრდენის ან საკიდის არარსებობა და დედამიწაზე ვარდნა.

არეული ნაბიჯები და დარდი. ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა ახასიათებს, გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრებისადმი ინტერესის დაკარგვა. მერე თვალებს ვხუჭავ, რადგან მხოლოდ თვალების დახუჭვა გგონია გამოსავალი რეალობის არ დასანახად, თუმცა ხმები, სიტყვები რომელიც გესმის კედელთან გაყენებენ და როგორც დასახვრეტად გამზადებულ ადამიანს ტყვიებს გესვრიან… არადა გაზაფხულია.

იებსა და ენძელებს ასფალტები დაეხეთქათ.იტყვი – ნეტა რამდენი იტირა დედაჩემმა, რომ მის ჩაწვეთებულ ცრემლზე ამდენი ია და ენძელა ამოვიდა ?! ბევრი ?!…ჩიტებიც დაბრუნდნენ და არაგვზედ დეკაც აყვავილდა , მაგრამ შენთვის სულერთია და შეფარვით ბედავ რეალობისთვის თვალების გასწორებას. მერე მიხვდები, არ ღირდა ამად- დააშავე რომ უბრალოდ გიყვარდა…

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *