მაისი 25, 2018

,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ დადიანების სასახლეთა ეზოში საარჩევნო პროგრამა და მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა წარადგინა.

სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტებად ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლება, ახალგაზრდული პროგრამების მხარდაჭერა, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების გაძლიერება დასახელდა.

,,ჩვენ არ მოვდივართ, სურვილებით, ჩვენ არ მოვდივართ არარეალური დაპირებებით, ჩვენ თქვენთან მოვედით – კონკრეტული გეგმებით, რომელიც შევიმუშავეთ და უკვე დამტკიცებულია.

,,აქ თქვენგან ხელმარჯვნივ მდებარეობს უნიკალური ბოტანიკური ბაღი, რომლის სავალალო მდგომარეობაც თითოეული ზუგდიდელისთვის უპირველესი პრობლემა იყო. თუმცა წელიწადნახევარში ჩვენ, აქ გვექნება სრულიად განახლებული ბოტანიკური ბაღი, რომლისთვისაც 10 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.

აღდგება ბოტანიკური ბაღის სარწყავი სისტემა, ტბა, მოეწყობა დასასვენებელი ადგილები, ბილიკები, ღია კაფეები, განახლდება გამწვანება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება დადიანების საჯინიბოს, ადმინისტრაციულ შენობას, მოეწყობა სანერგე მეურნეობა, გაიხსნება მებაღის სახლი, მოხდება ჯვარედინი სასახლის კონსერვაცია.

ამ სივრცეს შეავსებს განახლებული ნიკოსეული სასახლე რომლის რეაბილიტაციაც ახლა მიმდინარეობს.

მეორე პრობლემა, რომელიც ქალაქს აწუხებს ესაა თეატრი, რომელიც წლებია ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა მშენებლობის ნებართვას ხელი უკვე მოეწერა და ჩვენ, ძალიან მალე გვექნება სრულიად განახლებული შენობა, რომლის რეაბილიტაციისთვის ფონდი ქართუ 20 მილიონამდე ლარს ხარჯავს. ახალ თეატრს ექნება ევროპული სტანდარტების ორი დარბაზი, სახელოსნო, სამკერვალო, საკონფერენციო დარბაზი, კაფე, განთავსდება სასტუმრო – გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის. დამონტაჟდება განათების, გახმოვანების უახლესი აპარატურა.

მადლობა თეატრის თითოეულ თანამშრომელს მოთმინებისთვის და გამძლეობისთვის. ორ წელიწადში მე თქვენთან ერთად დავესწრებით პრემიერას ახალ თეატრში” – განაცხადა პრეზენტაციაზე ლაშა გოგიამ.

ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით ზუგდიდის სოფლებში 70-მდე პრობლემური გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება, აშენდება 14 ახალი ხიდი, 15 სოფელში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა, აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 22 საბავშვო ბაღს. ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წლის და წყალარინების დაქსელვითი სამუშაოები, რომლის დასრულებისთანავე შიდა გზების რეაბილიტაცია დაიწყება.

ლაშა გოგიას განცხადებით, მომავალი წლიდან რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა დაიწყებს ფუნქციონირებას. შეიქმნება ექიმთა საბჭო, რომელიც სოციალური და ჯანდაცვის კუთხით რეკომენდაციებს მოამზადებს. 2018 წლიდან უსახლკარო და მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა ქალაქის ტერიტორიაზეც დაიწყება.

,,ვაფინანსებთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ახალი წლიდან კი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის პროგრამას ავამოქმედებთ და მათ უცხოეთში სწავლებას მთლიანად დავაფინანსებთ – რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქალაქს მოახმარონ. ჩვენ მომავალი წლიდან გავაორმაგებთ განათლების ბიუჯეტს, მასწავლებელები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საფასურს გადავუხდით იმ მასწავლებლებს, რომელთაც სამუშაოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან მეორეში უწევთ სიარული” – განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, პროგრამის წარდგენის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

,,ეს არის, ახალი უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთანაც ერთად მე მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად! გამარჯვებამდე დარჩა ზუსტად 17დღე!” – აღნიშნა ლაშა გოგიამ.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *